Wednesday, December 19, 2012

ტრადიცია და თანამედროვეობა

                                                    პრეზენტაცია
                   ტრადიცია და თანამედროვეობა



      ყველა ერი თავისი ისტორიით სულდგმულობს.  ჩვენი ქვეყნის წარსული საუნჯეა ულევი,  რომელიც გვასაზრდოებს,  მიგვანიშნებს, რანი ვიყავით,  რა გზებით  გვივლია და  როგორ ვიაროთ მომავალში.
     მძიმეა ხვედრი მცირერიცხოვანი ერებისა. მუდმივად  გადარჩენისთვის  უხდებათ  ბრძოლა.  ჩვენმა წინაპარმა  გაუძლო მრისხანე საუკუნეთა ქროლვას,  ავად  თუ  კარგად  
საქართველო დღევანდლამდე მოგვიტანა.ახლა ჩვენ გვევალება    გავუფრთხილდეთ მას, შევინარჩუნოთ    ქართველობა,   რომ შთამომავლობამ   აუგად არ მოგვიხსენიოს. ქართველს  არა აქვს  უფლება გადაგვარებისა. ქართველობისთვის  ზვარაკად   შეწირული  ზეციური  საქართველო  გვევედრება,   ფხიზლად ვიყოთ,  მიმბაძველობით და უგუნურობით   ნუ დავკარგავთ  ჩვენს  სულიერ     სიმდიდრეს, ჩვენს  ადათ-წესებს, ტრადიციებს,  რითაც   გამოვირჩევით    და  განვსხვავდებით,  რატომაც  გვქვია  ქართველი.
        ქართველი მუდამ ამაყობდა  თავისი  სტუმართმოყვარეობით.    სტუმრის პატივისცემა   ერთგვარი  ნიჭია,  უფალმა რომ  უბოძა  ქართველს.   სტუმარი ხომ ჩვენში   ღვთის  წყალობად  ითვლებოდა.  ჩვენი წინაპარი  სტუმრად  მოსულ მტერსაც კი  მფარველობდა,  თუმცა ზოგჯერ  ჩვენი სტუმარმოყვარეობა  ჩვენივე  უბედურების  მიზეზი  ხდებოდა ხოლმე.   ტრადიციული   ოჯახები დრესაც  პატივით  ხვდებიან  სტუმრებს,   მაგრამ ახალგაზრდა  თაობის  დიდი ნაწილი  თვლის.  რომ  ეს უკვე დრომოჭმული  ტრადიციაა.   რა საჭიროა    ოჯახში სტუმრების  მიღება,    როცა  არსებობს  რესტორანი,  სადაც  კარგად გაატარებ  დროს?. სამწუხაროა,  რომ იკარგება   სტუმრის  მიღების ელფერი,  სიღრმე  და  სიყვარული. ის გული სად   არის,   ის   სითბო, წიგნებში  რომ  წაგვიკითხავს,  ოჯახის  დიასახლისის  ფუსფუსს  რომ  სდევდა.  რესტორანში   ეს   მადლი   იკარგება,   რადგან  აქ  მასპინძელიც  სტუმრად  ითვლება.
        დღეს მიღებულია,  რომ  ყველა  საოჯახო თავყრილობა     ოჯახის  გარეთ   უნდა  ხდებოდეს.   ქართველებს  გვქონდა და  გვაქვს    ტრადიცია,   რომ  შობა- ახალ წელს მთელი ოჯახი  ერთად უნდა  შეიკრიბოს    გაშლილ  ტაბლასთან ,   ჭიქა ღვინით დაილოცონ, ბარაქა  და დღეგრძელობა  უსურვონ  ერთმანეთს,  სიყვარული და სითბო აჩუქონ ერთურთს.  თანდათან  ეს ტრადიცია იშლება, სხვათა  მიმბაძველობით ქუჩაში  უნდა  შევხვდეთო ახალ  წელს და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი  თავის  წრეში, გასართობ ადგილებში,  ქუჩაში ხვდება  ახალ წელს. ეს კი უსიყვარულობის,  გულგრილობის  მიზეზი  ხდება და  მენანება..
        ქართველებს  გვაქვს     ბევრი  ლამაზი  ტრადიცია,  თუნდაც  ქართული  სუფრის  ტრადიცია. ჩვენი  სუფრა გაშლილი  წიგნია,  სადაც  იკითხება  ქართველის  ხასიათი.  ქართული  ჭირის  თუ  ლხინის  სუფრას  თავისი  მკაცრად  დადგენილი  წესები აქვს.  ქართველები  სხდებიან     სუფრის გარშემო   არა მხოლოდ ჭამისთვის, არამედ  სუფრაზე მყარდება და მტკიცდება ადამიანთა შორის   კეთილი  განწყობა,  კავშირი ერთმანეთთან აწმყოში  და  წინაპრებთან  წარსულში.
         დღეს ქართულმა სუფრამაც  მოდერნიზაცია  განიცადა,  მაგრამ  მე არ  მომწონს  და  არც არასდროს  მომეწონება  ალა-ფურშეტები, ფართები და ფურთები. რა  სჯობს   ქართული   სუფრის   ლხინს,  ლამაზ, საფერებელ  სადღეგრძელოებს.  იქნებ არის ცოტა  ტყუილიც,  ცოტა გადამეტებაც,  მერე რა   მოხდა,   თუ   მოვეფერეთ   ერთმანეთს,  თუნდაც ერთი დღით?!
             ... და მაინც  მჯერა,  რომ დრო  ვერ  მოგვერევა  და არ გადავშენდებით. ქართულ ტრადიციებს   შევინარჩუნეთ   და  თაობებს  გადავცემთ,  რომ იყოს დღეგრძელი  ივერია!!!

No comments:

Post a Comment